საუკეთესო ჩანახატები

პანდემიამ ცხოვრების სტილი შეგვიცვალა ყველას...

ახალი შეგრძნებები, შთაბეჭდილებები, დამოკიდებულებები, ემოციები და ფიქრები აღგვიძრა დიდსა თუ პატარას…

სკოლა-ლიცეუმ ,,ცოდნას,, VIII-IX კლასის მოსწავლეებმა შთამბეჭდავი ჩანახატები შექმნეს ამ თემაზე და გაგვიზიარეს.

საინტერესოა, როგორ აღიქვამენ ისინი დღევანდელობას, რას გრძნობენ, რა სტკივათ, რა ეიმედებათ, რა ანუგეშებთ და რაზე ოცნებობენ...

მათი ფიქრები უმეტესად სევდიანია, თუმცა სასიხარულოც , რადგან თავიანთი ემოციების ასეთი ფორმით გამოხატვის სურვილი, ნიჭი და უნარი გააჩნიათ...

 

 

ნიკა ალავიძე

VIII კლასი

 

                                ***

 ალბათ ვერც ერთი მოკვდავი ვერ წარმოიდგენდა ამ ქვეყნად, რომ გამოჩნდებოდა ისეთი ძალა, რომელიც სამყაროს ყოფნა-არყოფნას სასწორზე დადებდა...

  ადამიანები ვერ აცნობიერებენ, თუ რა ბედნიერები არიან მანამ,  სანამ ვინმე ან რამე არ წაართმევთ მათ ამ ბედნიერებას.  სამი თვის წინ გამოჩენილმა უხილავმა კორონა ვირუსმა ცივილიზებული სამყარო თავდაყირა დააყენა.  მსოფლიო პანიკამ მოიცვა.   და, რაც მთავარია,  ყველაზე საშინელი განცდა დაგვეუფლა,  რაღაცის წინაშე უძლურნი, უსუსურები აღმოვჩნდით...  ერთადერთი რამ,  რაც ადამიანებს ახლა შეგვიძლია ისაა, რომ გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და დავრჩეთ სახლში.  ძნელი მოსასმენია ყოველდღიური ინფორმაცია,  თუ რამდენი ადამიანი ეწირება ამ ვირუსს და რამდენი ათასი არის დაინფიცირებული.

 ვერ წარმოვიდგენდი,  ასე თუ მომენატრებოდა ოდესმე სკოლა,  თანაკლასელები, მასწავლებლები...  გარესამყარო...                                                                                                 

 ვირუსმა მკვეთრად შეცვალა ჩვენი ცხოვრება...  არანაირი სურვილი არ მაქვს,  მის დადებით მხარეზე ვისაუბრო...  მაგრამ ვიტყვი,  რომ მან საოცარი მონატრება და სიყვარული მაგრძნობინა ახლობლებისადმი და იმ ადამიანების,  რომლებიც ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი იყვნენ...

 კაცობრიობა არაერთხელ ყოფილა განსაცდელის წინაშე...  მაგრამ უფლის და ნიჭიერი ხალხის წყალობით,  ის გამოსულა კრიზისიდან,  გადარჩენილა და წინსვლა გაუგრძელებია ...   იმედი მაქვს, რომ ახლაც ასე იქნება...

 

ანა დოლიძე

IX კლასი

***

აი,  უკვე მერამდენე თვე გადის...  მე და ჩემი ოჯახის წევრები სახლში ჩაკეტილი ვართ  და მოწყენილობისაგან აღარ ვიცით, რა ვაკეთოთ ...

 ყოველ დღე ერთი და იგივე მეორდება ...  და ცოტა დამღლელია ეს რუტინა... ხანდახან გაკვეთილების თავიც არ მაქვს,  რადგან ყველაფერი უხალისოდ მეჩვენება სკოლის, კლასელებისა  და ნამდვილი ურთიერთობების გარეშე. ისეთი განცდა მაქვს ხოლმე, თითქოს არავის წინაშე არ ვარ ვალდებული...  დედა კი ყოველ დღე ჩამჩიჩინებს, დაწერე გამოგზანვილი დავალებებიო...

 არადა გარეთ რომ გაიხედავ, გაზაფხულის სურნელი ტრიალებს... გამთენიისას ჩიტების ჭიკჭიკი ჩამესმის...  სწორედ მათი დილის საქმიანი ჭიკჭიკი მამცნობს გაზაფხულის მოსვლას... და სურვილი მიჩნდება, ნეტავ ჩვენც მათსავით თავისუფლად ვფუსფუსებდეთ ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე... მშობლები ხანდახან მაინც ახერხებენ გარეთ გასვლას ...  ჩვენ კი უკვე რამდენი ხანია ეზოში ფეხი არ ჩაგვიდგამს. ხანდახან ხატვით ვირთობ თავს ... ამისთვის ადრე დრო არ მქონდა და ახლა მეც ვხატავ და ვხატავ...  ვხატავ ჩემს საყვარელ პერსონაჟებს, ისინი ძალიან მხიარულები და ბედნიერები არიან ...

 კლასელები მენატრება და მათი ნახვის დიდი სურვილი მაქვს ... მაგრამ ყველაზე მეტად ის დრო მომენატრა, როცა ოჯახის წევრები ვისხედით და ერთად ვგეგმავდით, სად გავატარებდით ზაფხულს... ახლა ეს მომავალიც არ ჩანს, პასუხი არსაიდან ჩანს ჩემს კითხვებზე ...  როდის და როგორ? კითხვის დასმაც კი უადგილოა ...  იმედი იმისა,  რომ ყველაფერი მალე დასრულდება,  არსებობს, თუმცა ძალიან ბუნდოვანია...

 

 

 

სალომე გურგენიშვილი

VIII  კლასი

                                     

***

   შეიცვალა სამყარო...  ჩვენი პლანეტა ისვენებს...  გარინდულია...  ჩვენც გავჩერდით...  პანდემია მკაცრი წესებით გვმართავს ...

   იცით, რთულია, როცა შენს მეგობარს ან ახლობელს პრობლემა აქვს, დახმარებას გთხოვს, მაგრამ შენ ვერ ეხმარები... შემდეგ ის ადამიანი განსაცდელით იღუპება და არა ვირუსით... კორონა ვირუსი ყველა გზით ცდილობს, საყვარელი ადამიანები დაგვაკარგვინოს და ამქვეყნად მარტო დაგვტოვოს გაბოროტებულ სამყაროში შვლის ნუკრივით დაობლებული და მარტოსული...

 პამდემიამ უნდა დააფიქროს კაცობრიობა, თითოეული ადამიანი, რათა უკეთესობისკენ შეიცვალოს სამყარო ხვალ...  მაგრამ ზოგისთვის ეს ძნელია, პასუხისმგებლობის გრძნობა ზოგიერთისთვის უცხო და დიდი ტვირთია, რისკავენ საკუთართან ერთად სხვის სიცოცხლესაც...

 წარმოიდგინეთ თავი იმ ადამიანების ადგილზე, რომლებსაც არც სახლი აქვთ, არც არაფერი გააჩნიათ...  ქუჩის ბოლოში,  მუყაოს ყუთში ცხოვრობენ, არავინ ჰყავთ გულშემატკივარი... სცივათ,  სწყურიათ ... და როგორი დაუცველები არიან ახლა განსაკუთრებით...   ადამიანებს თვალი უნდა აგვიხილოს ამ ვირუსმა...  მეტი თანაგრძნობა და სხვისი ტკივილის გაზიარება უნდა გვასწავლოს...  მეც ახლა მივხვდი,  რომ უნდა დავაფასო ის,  რაც მაქვს და მადლიერი ვიყო უფლის...  შევძლო სხვისი გასაჭირის დანახვა და გათავისება...

  ახლა მეგობრებთან ერთად უნდა ვიყო, ერთად ვიცინოდეთ... ვარჩევდეთ ფილმებს... ყველაზე მეტად ვინც ნერვებს მიშლიდა, ისიც კი მომენატრა... მომენატრა ქუჩაში მაწანწალა ძაღლების დაპურება...  და კიდევ უამრავი რამ...

 გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და ერთად დავუბრუნოთ სიცოცხლე სამყაროს...

 

 

 

ელიზაბეტ სასირელი

IX კლასი

 

***

  რთულია, როცა ერთ დღესაც იღვიძებ და იაზრებ, რომ შენი ცხოვრება ამ წუთიდან, ამ წამიდან უნდა შეიცვალოს ...  შენ კიდევ ვერაფერს აკეთებ, თითქოს შავ ყუთში გამოგკეტეს და მხოლოდ ფიქრის უნარი დაგიტოვეს... ფიქრის, რომელიც დაუსრულებლად გრძელდება და არ ჩერდება...

 

 2020 წელია და მსოფლიო  კორონა ვირუსს ებრძვის, პანდემია მძვინვარებს...  ქუჩები, სადაც ხალხი მუდმივად ირეოდა, დაცარიელდა... კანტიკუნტად თუ შეხვდებით ადამიანებს, რომელთა თვალებში მხოლოდ შიშს ამოიკითხავთ ...

 მენატრება ფუტკარივით მოზუზუნე ხალხი, რაც ადრე ძალიან მაღიზიანებდა... მენატრება ქუჩის სუნი, სინესტით და მტვრით გაჟღენთილი ჰაერიც კი... მენატრება სკოლა, მასწავლებლები, მათი საყვედური და აწეული ხმაც კი... კლასელებზე ხომ აღარაფერს ვამბობ... მონატრება, შიში, მოწყენილობა ყველაფერი ერთმანეთში ირევა ...

 ამ უჩვეულო ყოფამ ბევრი რამე სხვა კუთხით დამანახა,  დამაფიქრა ბევრ რამეზე...  საერთოდ ყველა მოვლენისა თუ საგნის პოზიტიური მხრიდან დანახვა მიყვარს ...  პირველ რიგში ტელევიზორი გავთიშე, საიდანაც მხოლოდ სევდიანი ისტორიები მესმოდა...  გულს მითბობს ის ფაქტი, რომ ჩემი ოჯახი ჩემ გვედითაა, ყველაზე ძვირფასი და სანუკვარი ადამიანები ჩემს ცხოვრებაში. სულ ახლახანს აღმოვაჩინე, რომ ჩემს ძმას ლურჯი ფერი უყვარს და თითქოს გული დამწყდა, რომ ეს აქამდე არ ვიცოდი. ძალიან დავუახლოვდი ოჯახს და მივხვდი, რომ ამქვეყნად ოჯახზე ძვირფასი და ტკბილი არაფერია ...

  გადავწყვიტე ჩემი თავი უკეთ გამეცნო, ხშირად ვფიქრობ, რას შევცვლიდი ჩემს  ხასიათში, რას გამოვასწორებდი ... ცვდილობ, ყოველ  დღე სარკესთან დავდგე და ჩემს თავს ვუთხრა: ყველაფერი კარგად იქნება...  ადგილი,  სადაც ახლა ვარ,  სიყვარულით არის სავსე, ირგვლივ საოცარი ადამიანები მყავს და მადლობა ღმერთს ამისთვის ...  მე კი ჩემი თავის ძიებაში ვარ... მართალია,  გარეთ გაზაფხული ზეიმობს,  მაგრამ მე ჩემს თავში და ჩემს ოჯახში აღმოვაჩინე გაზაფხული და აქ შევიგრძენი გაზაფხულის მაცოცხლებელი სურნელი ... ეს სიხარულით მავსებს და  მაძლევს იმედს, რომ ყველაფერი  კარგად იქნება და ადამიანები სულ მალე შიშით აღარ გავზომავთ მანძილს ერთმანეთს შორის...

 

 

ვალერია კაცაძე

 VIII კლასი      

 

***

  ვერასოდეს წარმოვიდგენდი ის საცობი თუ მომენატრებოდა, რომელიც დანიშნულების ადგილზე  მაგვიანებდა...

  ცარიელი ქუჩები ...  ცარიელი ოფისები...  ცარიელი, შეშინებული სახეები... ასე გამოიყურება ახლა თბილისი...  უცნურია ეს ყველაფერი ...  ხანდახან თავი ფილმში მგონია ...

 მომენატრა მზე ...  გადავეჩვიე მზის სხივებს და აღარ ვემზადები ზაფხულისთვის იმიტომ, რომ ვიცი, არ იქნება ...

  მომენატრა სკოლა...  გარეთ თავისუფლად სიარული პირბადის გარეშე, რომელიც ფარდასავით ჩამოეფარა  ჩემსა და სამყაროს შორის.

  მომენატრა სამყარო ისეთი, როგორიც უნდა იყოს ...  ნამდვილი,  მხიარული,  სიცოცხლით სავსე...

  საშიშმა ვირუსმა დაგვიპატრონა,  დაგვიმონა, თავისი სასტიკი წესებით გვათამაშებს... ჩახუტება, მოფერება აგვიკრძალა ადამიანებს...  სკოლაში სიარული და ცხა საათის შემდეგ გარეთ გასვლაც არ შეიძლება ...

  ბრაზი მიპყრობს და დარწმუნებული ვარ, რომ სულ ახლად  დაბადებული საშინელება, რომელსაც კორონა ვირუსს ეძახიან, ვერ გვაჯობებს ადამიანებს...  ჩვენ მას სიყვარულით, რწმენით, თანადგომით,   გონიერებით დავამარცხებთ...

  ალბათ კიდევ უფრო დავაფასებთ ერთმანეთს ამ ყველაფრის შემდეგ,  მივხვდებით, რომ ონლაინ ურთიერთობებზე და ვირტუალურ სამყაროზე უფრო ძვირფასი  ნამდვილი ურთიერთობაა.  გავუფრთხილდებით ბუნებას, რომელმაც ახლა თითქოს შვებით ამოისუნთქა ადამიანებისგან დაღლილმა... აღარ იქნება ომები და აღარ დაიხოცებიან ბავშვები...

  ამ სიჩუმემ კიდევ ბევრ რამეზე დამაფირა, ფიქრი  და საკუთარ თავთან დარჩენა მასწავლა,  ბევრი რამე დამაფასებინა, რასაც აქამდე არ ვაფასებდი ...

 

 

 

ლილიკო ერაძე

IX კლასი

იმედი ...

 დედამიწამ ფერი იცვალა ... თავდაყირა დადგა ჩვენი ცხოვრება, რომელიც იმ ფილმს დაემსგავსა, რომლის ყურების სურვილი არავის არ აქვს, რომელსაც აპაუზებენ და შიშით ვეღარ აგრძელებენ...

 იმედი ყველაზე ბოლოს ან საერთოდ არ კვდება, მე კი თოვლივით მიდნება თვალსა და ხელს შუა...  ვცდილობ არ გავუშვა, შევინარჩუნო, მოვუფრთხილდე, მაგრამ ხანდახან ხელიდან მაინც მისხლტება...

 დარაბებს მიღმა გაზაფხულია...  მაგრამ გაზაფხული შიშით იგრძნობა...  ხანდახან ბუნებაც გვეხმიანება და წვიმით ასველებს ჩვენს განცდებს...

 სოფლად ბედნიერების გარეშე დარჩენილი სახლის საკვამურებიდან  თეთრი, შავშეპარული კვამლი ამოდის და ცას სტუმრობს... ცა კი ზემოდან დაჰყურებს ცოდვილ ადამიანებს, რომელთაც თავი დღემდე ჭკვიანები ეგონათ, საოცრებებს ახდენდნენ ყველა სფეროში...  მაგრამ ახლა ძალიან დაპატარავდნენ, უსუსურები გამოჩნდნენ პატარა ნაწილაკის წინაშე...  არავინ არაფერი არ იცის...  ყველა რაღაცის მოლოდინშია...  იმედის თვალით შევყურებთ ადამიანებს, რომლებიც გმირებად აქცია პანდემიამ...

 ირგვლივ  მოლოდინში დაქანცული და დაკარგული სახეებია... სადღაც ჩასაფრებული, უჩინარი და სასტიკი მტრის წინააღმდეგ...  ერთფეროვანი დღეები... თბილი ქვეყნებიდან მოფრენილი მერცხლები,  აყვავებული ნუშის ხე...  წვიმის წვეთების ხმა, რომელიც ძალიან უხდება  ამ სიჩუმეს...

 სიმშვიდე დაუმარცხებელი პასუხია ცხოვრების ნებისმიერ გამოწვევაზე და  მეც, დროში გაუჩინარებული, იმედით შევყურებ  ცას, რომ მალე შვიდფეროვანი ცისარტყელა გამოჩნდება და, რომ ისევ გამოიდარებს...

 

 

ნიკოლოზ ლოლუა

IX კლასი

 

პანდემია ...

  სამი-ოთხი თვის წინ რომ  ეთქვათ, პანდემია მოიცავს მთელს პლანეტასო, ალბათ, გაგვეცინებოდა და გაკვირვებული სახეებით შევხედავდით ერთმანეთს, ახლა კი რეალობის წინაშე აღმოვჩნდით და ღიმილი სახეზე შეგვეყინა... ღიმილი მწარე სინამდვილემ შეგვიცვალა, ირგვლივ სიკვდილია...

  რამდენი სიცოცხლე შეიწირა, რამდენი შვილი დააობლა, რამდენი დააქვრივა, რამდენი დედა აატირა...  ღმერთო !..  მარტო პანდემიაზე ვფიქრობთ...  არაფერი შეგვიძლია მის წინააღმდეგ ...  ყველაფერი უფლის ხელშია...

 ჩვენ, პატარა ადამიანები ამ უკიდეგანო სამყაროში უძლურნი აღმოვჩნდით უხილავი მტრის წინაშე...  ერთმანეთის გაფრთხილების მეტი არაფერი შეგვიძლია...

 ვერასოდეს წარმოვიდგენდი, ლამაზ გაზაფხულს, წელიწადის ყველაზე მშვენიერ და სიცოცხლით სავსე დროს სახლში, ოთხ კედელს შუა თუ გამოვიკეთებოდით, ერთმანეთს არ ჩავეხუტებოდით და არ მოვეფერებოდით ...

და რაა ეს გაზაფხული პანდემიით? ალბათ, ამქვეყნიური ჯოჯოხეთია, ღვთისგან მოვლენილი ადამიანებისთვის და თუ მართლაც ასეა,  მჯერა,  მხოლოდ ღვთის სიყვარული გადაგვარჩენს  და ისევ მოვა გაზაფხული პანდემიის გარეშე...

 

 

 

სალომე ქობელაშვილი

VIII  კლასი

 

***

  დღეს 30 აპრილია ... უკვე ორი თვეა, რაც სახლში ვარ ...  საშინელმა და ამოუცნობმა კორონა ვირუსმა დისტანცირება გვიბრძანა, ერთ ადგილზე გაგვახევა ...

 ოთახში ჩემთვის წყნარად ვზივარ და ვკითხულობ... ეზოდან ჩემს ოთახში საოცარი ხმები შემოიჭრა... არ დამიჯერებთ და გული ამიფორიაქდა... სხეულში საოცარი სითბო ვიგრძენი...  ეზოში ჩიტი მთელი მონდომებით დამატკბობლად გალობდა... ფანჯრასთან მივირბინე და ნეტარი სახით ვუსმენდი ამ მონატრებულ ნოტებს... თვალი ხეებისკენ გამექცა,  როგორ სწრაფად, უჩვენოდ შეფოთლილან...

  ვუსმენ და ვუყურებ ამ ყველაფერს და ძალიან მინდა გარეთ გასვლა, მინდა, ვიგრძნო გაზაფხულის ყვავილების სურნელით გაჟღენთილი ჰაერი... როგორი სიმშვიდეა ირგვლივ... თითქოს ბუნებამ შვება იგრძნო,  დაისვენა, როგორც ათასი ომიდან გამოვლილმა მეომარმა... ბუნება თავისუფლად სუნთქავს ...  სიცოცხლე დაიბრუნა... ეს კარგია...

  მე კი თავისუფლება, გარეთ სეირნობა, სკოლა,  მეგობრები,  მასწავლებლები მომენატრა და ვერაფერს ვშველი ამ მონატრებას...  დედა კი ყოველთვის მეუბნება, ყველაფერს კარგი მხრიდან უნდა შეხედოო...  და ეს კარგი მხარე ამ რთულ დღეებში ჩემი ოჯახის წევრები არიან,  მათთან გატარებული ყოველი დღე ...  ახალი თამაშები... ფილმების ერთად ყურება  ძალიან მახალისებს, მაგრამ  ყველაზე მეტად ამ იძულებით კარჩაკეტილობაში მაინც  წიგნების კითხვა მეხმარება ...  ლიტერატურა ხომ საუკეთესო მკურნალია ადამიანების...  კარგი წიგნები არ გვაძლევენ მოდუნების, უიმედობის  უფლებას და არასდროს გვტოვებენ მარტო... წიგნები მეხმარებიან დავივიწყო ეს საშინელი კორონა ვირუსი  და ჩემთვის სასურველ სამყაროში ვიმოგზაურო სასურველ პერსონაჟებთან ერთად, მათთან ერთად განვიცადო, გადავლახო, ვისწავლო  და გავიმარჯვო...

  
















© Tofa